saqarTvelos zegani - javaxeTis zegani
უმაღლესი წერტილი | დიდი აბული |
კოორდინატები | 41°30` ჩ. გ. 43°30` ა. გ. |
სიმაღლე | 3305 მ |
ვულკანური ზეგანი სამხრეთ საქართველოში. აგებულია ეფუზივებით. ზედაპირზე გავრცელებულია ზედაპლიოცენური დოლერიტული განფენები , რომლის საძირკველში ნეოგენური გოდერძის ვულკანოგენური წყებაა. ადგილ-ადგილ გავრცელებულია ტბიური ნალექები. რელიეფში გაბატონებულია 1500-2200 მ სიმაღლეზე აზიდული ვაკეები, რომლებიც გართულებულია ტბიანი და ჭაობიანი ტაფობ-ქვაბულებითა და მდინარეთა კანიონისებრი ხეობებით. ზეგნის ჩრდილო და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში განვითარებულია სერებიან-ხეობებიანი რელიეფი დანაოჭებული ლავების საფუძველზე (აზმანიას, მურაკვალის, ტაბისყურის სერები, კოდალის, ზემო ქციის ხეობები, ტაბისყურის ქვაბული).
ჰავა გარდამავალია ზომიერად ნოტიოდან მთიანეთის მშრალ კლიმატზე. ზამთარი მცირეთოვლიანი და ცივი იცის. საშუალო წლიური ტემპერატურა 4-6°C, იანვარი -5, -10°C, ივლისი 15-16°C; აბსოლუტური მინიმალური -34°C, -41°C, აბსოლუტური მაქსიმალური 30-35°C. ნალექები 600-750 მმ წელიწადში.
ჰიდროგრაფიულ ქსელს ქმნიან მდინარეები (მტკვარი, ფარავანი, ქცია, ბარალეთი და სხვ.) და ლავური ვოკლუზები. მდინარეებს ზემო დინებაში მცირე ვარდნა აქვთ, ქვემოთში - დიდი. ტბების უმრავლესობა გამდინარეა და მტკნარი, მხოლოდ კარწახის ტბაშია მომლაშო წყალი. წყაროებს ახასიათებს დიდი დებიტი, დაბალი ტემპერატურა და მტკნარი წყალი.
გავრცელებულია მთის სტეპური მცენარეულობა და მდელოს ბალახეული. აქა-იქ ხელოვნური ტყეებია. ფლორა და ფაუნა მდიდარია ბორეალური ელემენტებით. ცხოველებიდან გავრცელებულია: ტურა, მელა. არის გნოლი, კავკასიური როჭო, კაკაბი, მწყერი, კასპიური შურთხი, გარეული იხვი, მტრედი და სხვ. ტბებსა და მდინარეებში ბევრია თევზი (კალმახი, ქაშაპი, ხრამული, ფრიტა, კობრი, მტკვრის წვერა და სხვ.).